ურეკი - საქართველოს შავიზღვისპირეთის ულამაზესი სანაპიროს უნიკალური კურორტი, განთქმულია საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროთი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში.
კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსივობის მქონე მაგნიტური ველით. მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, ინდოელი იოგები.
ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა კონტინგენტისათვის:
- გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონული დაავადება I - II სტადია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, ქვემო კიდურთა მაობლიტირებელი დაავადებები).
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატიული და ინფექციური პოლიარტრიტი ქრონიკულ სტადიაში, მალეფორმირებული ოსტრეოართროზი, ოსტრეოქონდროპათიები და სხვა).
- ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქტერიული ნევროზი, ნევრალგია, ცერებრალური ინსულტის ნარჩენი მოვლებები).
- ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები (სპინალური რბილი დამბლები, სამეაონი დამბლები, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, პერთესის დაავადება, რაქიტი).
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები.
სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს.შავიზღვისპირა მაგნიტური ქვიშები ცნობილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. ქვიშის ძირითადი კომპონენტია მაგნეტიდი, ტიტანომაგნეტიდი, ილმენიტი, პიროკსენი, გრანიტი, კვარცი, აპატიტი, ცირკონი და სხვა.
პირველნი, ვინც თავის თავზე გამოსცადეს ურეკის ქვიშის სასწაულმოქმედი თვისებები, იყვნენ ახლომდებარე სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მაგნიტურ ქვიშასთან. ისინი განიკურნენ მრავალი ქრონიკული დაავადებებისაგან. მას შემდეგ მაგნიტური ქვიშის თვისებებით დაინტერესდა ფართო საზოგადოება, მედიცინის მუშაკები და კვლევითი ინსტიტუტები.
თანამედროვე მედიცინაში ფართოდ იყენებენ ხელოვნურად შექმნილ მაგნიტურ ველებს, როგორც ფიზიოთერაპიულ საშუალებას, ”მაგნიტოთერაპიის” სახელწოდებით. სამეცნიერო გამოკვლევებით დადგინდა მაგნიტური ველის სასიკეთო ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მაგნიტური ველის მოქმედებით იცვლება ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, იწვევს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.
მაგნიტოთერპიას ფართოდ იყენებენ გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ორთოპედიაში, კოსმეტოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სხვადასხვა სახის დაავადებების დროს.
უკუჩვენებანი:
ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლის ყველა დაავადება, ტუბერკულოზი, საშუალო და მძიმე ფორმის ასთმა და სხვა.
მანანა ტაბიძე
საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში
ასევე იხილეთ: http://madli.ge/Medicalresorts.html